სიახლეები
თებ 20, 2023
ზუგდიდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო გაიხსნა
ზუგდიდში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო გაიხსნა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ეფექტიანი გამოძიების და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქ.ზუგდიდში (კოსტავას ქ. N 58) ახალი სამმართველო გაიხსნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალი ოფისი მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებისთანავე, სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას რეგიონალური ოფისების გახსნა წარმოადგენდა. საქართველოს მთავრობის აქტიური ხელშეწყობით, სამსახურმა მოახერხა და უფლებამოსილების განხორციელებიდან რამდენიმე თვეში ქ.თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალური სამმართველოები გახსნა.
ახალი რეგიონალური სამმართველოს ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვის, ამოცნობის ოთახებით და ბავშვის გარემოზე მორგებული არასრულწლოვნის ოთახით, ასევე ოფისი უზრუნველყოფილი იქნება ტელეხიდის სისტემებით.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონალური სამმართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს საშუალებას მისცემს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მომხდარ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სხვა მნიშvნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებით, მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, ღია კონკურსის გზით შერჩეული გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა.
ახალი სამმართველოს გაძლიერების მიზნით, სამსახური კვლავ ატარებს ღია კონკურსს გამომძიებლების, ოპერატიული თანამშრომლების და სტაჟიორების შესარჩევად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების დამატების შემდეგ, უკვე წარმოდგენილია ქ.თბილისში, ქ.ქუთაისში, ქ.ბათუმში, ქ.თელავსა და ქ.ზუგდიდში. თითოეული საგამოძიებო დანაყოფი 24 საათის განმავლობაში ემსახურება მოქალაქეებს, ახდენს სამსახურის ცხელი ხაზის (199) და კომუნიკაციის ყველა სხვა წყაროს მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებზე სწრაფ რეაგირებას.
გაზრდილი საგამოძიებო ქვემდებარეობისა და დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებით, რიგი საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებსა და შესაბამისი სტანდარტით ჩატარების მიზნით, სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამმართველოების დამატებას განაგრძობს. უახლოეს მომავალში რეგიონალური ოფისების გახსნა ქ. რუსთავსა და ქ. გორშია დაგეგმილი.