ისტორია
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ თანახმად, ქვეყანამ აიღო ვალდებულება საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განახორციელოს. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე 2019 წლის 1 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 1 მარტს კი დამოუკიდებელი ორგანო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოა, რომლის მთავარი მისია მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებაა.
სამსახური ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს გადის.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთავარი პრიორიტეტები მაღალი სტანდარტი, გამჭვირვალე გამოძიება და დაცული უფლებებია. სამსახურის მიერ არჩეული საგამოძიებო პოლიტიკა ასევე მოიცავს დაზარალებულის და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულობას, თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას და დანაშაულის პრევენციას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 6 წლის ვადით. აღნიშნულ თანამდებობას საქართველოს პარლამენტის მიერ არჩევის შემდეგ, 2022 წლის 1 მარტიდან კოკა კაციტაძე იკავებს. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე გიორგი კვარაცხელია და მოადგილე ნათია სონღულაშვილი.