სიახლეები
სექ 23, 2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სახელმძღვანელო დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა გამართა.
არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებზე, კვალიფიკაციის დამდგენი სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით განსაზღვრავს, ქმედება რა შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირდეს უპირობოდ წამებად, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობად და რა შემთხვევაშია დასაშვები ქმედების კვალიფიკაცია, როგორც სამოხელეო დანაშაული.
დოკუმენტი ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და შეამცირებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევების სამოხელეო დანაშაულით გადაფარვის რისკებს.
აღნიშნული სახელმძღვანელო, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ფაზა 2“ ფარგლებში, ექსპერტის მიერ შემუშავდა და 2023 წლის 31 ივლისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცდა.
„სახელმძღვანელო დოკუმენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს მისცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად სწრაფად და სწორად შეძლონ არასათანადო მოპყრობის საქმეებზე კვალიფიკაციის განსაზღვრა.“ - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ.
კვალიფიკაციის გამიჯვნის დოკუმენტის შემუშავების პროცესში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სახალხო დამცველის აპარატი გარკვეულ ეტაპზე იყო ჩართული.
„ჩვენ, სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობისას, დოკუმენტთან დაკავშირებით მოსაზრებები დავაფიქსირეთ. სამსახურის ადვოკატირების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმას, რომ “საია“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აძლევს რეკომენდაციას, გამოძიების დაწყების ეტაპზევე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით წარიმართოს და ეს კვალიფიკაცია თანხვედრაში იყოს ევროპული კონვენციებით დადგენილ ნორმებთან.“ - განაცხადა "საიას" ადამიანის უფლებების ანალიტიკოსმა ფატი ჩაფიჩაძემ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ქმედების დანაშაულად სწორად დაკვალიფიცირების მნიშვნელობა. გამოძიების ეტაპზე არასწორად დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის საქმე საფრთხეს უქმნის მსხვერპლის ნდობის ჩამოყალიბებას, გამოძიების პროცესში ჩართულობას და დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებას.
წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის გამიჯვნის სახელმძღვანელო დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -