სიახლეები
ნოე 18, 2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროპის საბჭოს რიგით მეხუთე „თანასწორობის კვირეულს“ შეურთდა, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და მიზნად ისახავს მრავალფეროვნების და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი დაცვის მექანიზმების შესახებ ინკლუზიურობის ხელშეწყობას და საზოგადოების ინფორმირებას.
"თანასწორობის კვირეულის" ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თაობაზე სტუდენტებს ტრენინგი ჩაუტარეს.
ღონისძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა მარიამ თუთბერიძემ გახსნეს.
ტრენინგს, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები - დავით ხურციძე და ანა კუცია უძღვებოდნენ. მათ სტუდენტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატზე, სიძულვილის ენის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, მისი იდენტიფიცირებისა და გამოძიების საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ტრენინგში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის 30-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
თანასწორობის კვირეული კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში იმართება, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.
#მევირჩევთანასწორობას
#CouncilofEuropeOfficeinGeorgia
#IChooseEaquality