სიახლეები
თებ 19, 2024
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ რუსთავში რეგიონული ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 19 თებერვალს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ქალაქ რუსთავში რეგიონული ოფისის ასაშენებლად ღია ტენდერი გამოაცხადა.
ქვემო ქართლის ახალი რეგიონალური ოფისის მეშვეობით, სამსახური უფრო მეტად ეფექტურად და სწრაფად შეძლებს რეგიონში არსებულ სამ დროებით მოთავსების იზოლატორსა და ხუთ პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა საჩივრებზე რეაგირებას. გარდა ამისა სამსახური უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
ქალაქ რუსთავში, ახალი რეგიონული ოფისი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული.
აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ასევე, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე.
რეგიონალური ოფისი 2576 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსდება და შენობის ფართი 662 კვ. მეტრი იქნება, სადაც გამოკითხვის, დროებითი დაკავების, ამოცნობისა და საქმის მასალების გაცნობის ოთახები მოეწყობა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 2 385 000 ლარი, ხოლო ხანგრძლივობად წელიწადნახევარია განსაზღვრული.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რეგიონალური ოფისების გახსნა და ადგილზე საგამოძიებო დანაყოფების ამოქმედება პირველი დღიდან პრიორიტეტად დაისახა.
ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაფართოების პირველ ეტაპზე, არსებულ ოფისებს, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ორი ახალი ოფისი კახეთსა და სამეგრელოს რეგიონში დაემატა.
ევროკომისიის რეკომედაციაში მოცემული სამსახურის გაძლიერების უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის, სამსახური ქვემო ქართლის შემდეგ რეგიონალური ოფისის გახსნას შიდა ქართლშიც გეგმავს.