სიახლეები
ივლ 08, 2023
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიაომბუდსმენის ინიციატივით მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გამოძიების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო ქვემდებარეობით ამოქმედდა, რომელიც მოიცავს როგორც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა ფაქტების გამოძიებას.
შეხვედრაზე, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან ვერულაშვილმა 2022-2023 წლის საქმიანობის შედეგებზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა სტატისტიკურ მონაცემებზე. განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებს და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელს დაეთმო.
ხაზი გაესვა სამსახურის სწრაფ რეაგირებას ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით. ერთი წლის განმავლობაში, გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა კი 8 პირის მიმართ დაიწყო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თითოეულ ამ საქმეზე დეტალური ინფრომაცია მიაწოდა მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს და პროცესში ჟურნალისტების ჩართულობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
სამუშაო შეხვედრაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ლევან ქუთათელაძემ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე პრეზენტაცია წარადგინა. მან ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე, შექმნილ სახელმძღვანელოზე ისაუბრა, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება მსხვერპლს გამოძიების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას პირველივე დღიდან აძლევს. წარმოდგენილი იყო საქმის მასალების გაცნობის სტატისტიკური მონაცემები, დღემდე, ამ უფლებით ასამდე მოქალაქემ ისარგებლა.
ღონისძიების ბოლოს მედია ადვკოკატირების კოალიციის წევრებს შესაძლებლობა ქონდათ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით და გამოწვევებზე შეკითხვები დაესვათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისთვის.
შექმნის დღიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ანგარიშვალდებულება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის უფრო მეტად ღიაობისთვის და გამჭვირვალობისთვის მომავალშიც აქტიურად იგეგმება თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.