სიახლეები
იან 16, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა
კანდიდატების შერჩევა შესრულებული სამუშაოს სტატისტიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით განხორციელდა.
სამსახურმა გამომძიებელთა საქმიანობის და დატვირთვის შეფასების სპეციალური სისტემა შეიმუშავა, რომელიც თითოეულ საგამოძიებო და პროცესუალურ მოქმედებას მათი სირთულის მიხედვით შესაბამისი ქულით ასახავს. ყოველი თვის ბოლოს ინდივიდუალურად ჯამდება გამომძიებლის მიერ ჩატარებული ქმედებები (გამოკითხვა, დათვალიერება, ჩხრეკა, საგამოძიებო ექსპერიმენტი და ა.შ.) და მინიჭებული ქულებით დგინდება თვისა და საბოლოოდ წლის სარეიტინგო ქულა. გამომძიებელთა შრომისა და ხარისხის შეფასების ხსენებული მექანიზმი მათი დატვირთვისა და საქმიანობის შეფასების მაქსიმალურ ობიექტურობას უზრუნველყოფს.
გამომძიებელთა შეფასების სისტემის მიხედვით სამსახურის 5 ყველაზე დატვირთული და შედეგიანი გამომძიებელი, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 2 საუკეთესო გამომძიებელი გამოვლინდა, რომლებიც სამსახურის მიერ დაჯილდოვდნენ.
სამსახურის უფროსის ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა სამსახურის 19 თანამშრომელს გამოეცხადა, მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე 6 თანამშრომელს, ხოლო 9 თანამშრომელს პირველად მიენიჭა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თითოეულ თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა.
2023 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების
მიმართ, ასევე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ
დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 537 სისხლის სამართლის საქმეზე
აწარმოა, დანაშაულში 117 პირი ამხილა, მათ შორის 44 სამართალდამცავი, 88
საქმე კი შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო.