ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა

ოქტ 06, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა

კოკა კაციტაძემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საგამოძიებო სამსახურის  საქმიანობის მთავარი მიღწევები, გამოწვევები და შედეგები გააცნო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო ქვემდებარეობით ამოქმედდა, რომელიც მოიცავს როგორც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა ფაქტების გამოძიებას.

სამსახურის უფროსმა წარმოდგენილ ანგარიშში მთავარი აქცენტები სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგებსა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამოქმედებისას, ყველა თანამშრომელს მიეცა საქმიანობის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე გაგრძელების შესაძლებლობა.

მისი განცხადებით, ინსტიტუციური განვითარების პროცესში, გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ჩამოყალიბდა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა და სამსახურს 3 ახალი სამმართველო დაემატა - აღმოსავლეთ საქართველოს (თბილისის) მეორე სამმართველო, კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოები, რომლის ხელმძღვანელებად, კონკურსის გზით სამსახურში დასაქმებული გამომძიებლები და თანამშრომლები შეირჩნენ. 

სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო სახსრებისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე თანამდებობრივი სარგოს მატების მაჩვენებელი  სამსახურის 20-მდე თანამდებობაზე დაფიქსირდა.

კოკა კაციტაძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებს და ამ მიმართულებით გახსნილი საქმეების მაჩვენებელს დაუთმო.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 6 თვეში, 1267 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება  246 საქმეზე დაიწყო, ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების შედეგად 34 პირი ამხილა, რომელთა მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან 16 საჯარო მოხელე, ხოლო 18 მოქალაქე იყო.

გამოსვლაში ხაზი გაესვა სამსახურის სწრაფ რეაგირებას ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების პროცესს, 6 თვის განმავლობაში, გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით  სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო  6 პირის მიმართ. თითოეულ ამ საქმეზე მოხდა მედიის და საზოგადოების დროული და ამომწურავი ინფორმირება, ხოლო დაზარალებული ჟურნალისტები სრულად იყვნენ ჩართული საგამოძიებო პროცესში.

დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა, ყურადღება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი წინადადების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა, რაც სამსახურისთვის კანონით მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უწყების მიერ დამოუკიდებლად გამოძიების წარმართვის პროცესში. კერძოდ, საგამოძიებო უწყების მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაგზავნილი 13 დასაბუთებული წერილობითი წინადადებით მოთხოვნილ იქნა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, ასევე საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად სასამართლოსგან განჩინების აღება. აქედან პროკურატურის მიერ 10 წინადადება სრულად დაკმაყოფილდა, 1 წინადადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო უარი - 2 წინადადებაზე ითქვა.

კოკა კაციტაძემ ახალი დეპარტამენტის შექმნაზეც ისაუბრა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ივნისის თვეში სამსახურში შეიქმნა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სისხლის სამართლის საქმეების დროულ, ეფექტიან და კვალიფიციურ გამოძიებას, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და სახელმძღვანელო მითითებებს, მოახდენს გამომძიებელთა საქმიანობის ყოველწლიურ შეფასებას და გაანალიზებს მათ დატვირთვას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება საგამოძიებო პროცესში  მსხვერპლთა ჩართულობის კუთხით - ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე, უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართულებით, შეიქმნა სახელმძღვანელო, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება მსხვერპლს გამოძიების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, რაც პრაქტიკაში წარმატებით ხორციელდება. 

კოკა კაციტაძემ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სახალხო დამცველის პარატთან, და სხვადასხვა საჯარო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების საკითხს და იმ წინადადებებს, რომლითაც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსაურის უფროსმა ყურადღება სამსახურის ბრენდირების ახალ სტრატეგიაზე და საზოგადოებასთან და მედიასთან ღია და გამჭირვალე კომუნიკაციაზე გაამახვილა.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე - https://sis.gov.ge/uploads/files/633eb10532b25_specialuri-sagamodziebo-samsaxuris-6-tvis-saqmianobis-angarishi.pdf