სიახლეები
ნოე 15, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ GCRT-ის პროექტის მენეჯერ შორენა ზედგინიძესთან და ქეისების მენეჯერ გვანცა შეროზიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამსახურის გაზრდილ მანდატზე, საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო პროცესში მსხვერპლთა ჩართულობაზე, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციისა და პრაქტიკის საფუძველზე შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებზე, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და მასალების გაცნობის საშუალება, არა მხოლოდ დაზარალებულს, არამედ მსხვერპლსაც აქვს.
ნათია სონღულაშვილმა გაზრდილი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ახლად დამატებულ მუხლებზეც ისაუბრა, სადაც ყველაზე დიდ გამოწვევად პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ხელყოფის სხვადასხვაგვარი ფაქტები იკვეთება, შესაბამისად, სამსახურისთვის მსხვერპლის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა.
მხარეებმა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში და სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიების პროცესში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
ასევე, შეხვედრაზე არასრულწლოვნების გამოკითხვაზე, ამ პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობის როლსა და შემდგომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესზე ისაუბრეს.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სოფო ჭარელი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ანი წიკლაური ესწრებოდნენ.