სიახლეები
ნოე 17, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს სამსახურის მანდატზე, ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ფუნქციური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სამსახურის ინიციატივით განხორციელებული ცვლილებები, რისი მეშვეობითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს პენიტენციურ დაწესებულებებში დაუბრკოლებლად, წინასწარი ნებართვის გარეშე, შესვლის უფლება მიეცათ; სამსახურს მოწმის და დაზარალებულისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიების დასანიშნად მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა; უწყების თანამშრომელთა უფლებრივი, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები არსებითად გაუმჯობესდა.
გარდა აღნიშნულისა, ასევე, ხაზი გაესვა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, სამსახურის ინიციატივით პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი გაიზარდა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება მიენიჭა.
ასევე, უწყების კომპეტენციას მიეკუთვნა ისეთი დანაშაულების გამოძიება, როგორსაც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურება, განზრახ უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი სიყალბე წარმოადგენს.
კოკა კაციტაძემ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობის გადახედვის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნული ცვლილება პოზიტიურად შეაფასა. კერძოდ, განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს უწყების კომპეტენციას, თუკი მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ჩაიდენს.
ასევე აღინიშნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, სამსახურის უფროსს მიენიჭა უფლებამოსილება, სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზნით, მოითხოვოს შესაბამის კომიტეტში მოსმენის ჩანიშვნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან ქუთათელაძე, ადმინისტრაციის უფროსი სოფიო ჭარელი და ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები- მერი ო’ტული, იერიკ ჰოლმოივიკი, ვაჰე დემერჩიანი და მარტინა სილვესტრი ესწრებოდნენ.