სიახლეები
ნოე 17, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური დანაშაულის გამოძიების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური დანაშაულის გამოძიების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
ბორჯომში, ევროპის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს სექსუალური ძალადობის გამოძიების საკითხებზე 3 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგის მიზანია სექსუალური ძალადობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, მსხვერპლზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენების უზრუნველყოფა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებისთვის ეფექტიანი საქმეების მომზადება.
ტრენინგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 40 თანამშრომელს ჩაუტარდა , მათ შორის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებს, გამომძიებლებს, გამოძიების ხარისხის შეფასების სპეციალისტებს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს. ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა:
- სექსუალური ძალადობის დანაშაულების გენდერული ხედვით გააზრება სტამბოლის კონვენციის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის სტანდარტების შესაბამისად;
- მსხვერპლზე ორიენტირებული სტრატეგიების შესწავლა, მათ შორის, ინტერვიუს წარმოების დროს მათი გამოყენება;
- სექსუალური ძალადობის შესახებ მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობა და აღმოფხვრა;
- მტკიცებულებითი სტანდარტების გადასინჯვისა და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების მნიშვნელობა;
- მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ პირებთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებების გაანალიზება და მსხვერპლზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების ჩატარება სისხლისსამართლებრივი დევნისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
სასწავლო კურსი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან ვერულაშვილმა, ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა მარიამ ჯაჯანიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა, თინათინ ავალიანმა გახსნეს. ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხის აქტუალობასა და ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობას სექსუალური ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ და „გენდერული თანასწორობისათვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNJP) ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვედეთის მხარდაჭერით ახორციელებს. ტრენინგს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ტრენერებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს მოწვეული ექსპერტები უძღვებიან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადებას აქტიურად აგრძელებს.