სიახლეები
დეკ 28, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე
ცნობიერების ამაღლების და პრევენციული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სკოლის
მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და მანდატურის თანამშრომლებთან
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს.
გამომძიებლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია და განუმარტეს, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა.
ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ერთმანეთის ინტიმური შინაარსის ფოტოებს სოციალური ქსელების დახურულ ჯგუფებში აქვეყნებენ და ჩაგვრის ან დაცინვის მიზნით პირად მიმოწერებში აგზავნიან. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა სრულწლოვანი პირები არასრულწლოვანთა ნდობას მოიპოვებენ და უკანონოდ მოპოვებულ ინტიმური შინაარსის მათ ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალას სოციალურ ქსელებში ანთავსებენ, რასაც ცალკეულ შემთხვევებში თან ახლავს შანტაჟი არასრულწლოვანთა მიმართ.
ზემოაღნიშნული შემთხვევები სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულებს წარმოადგენს და ამ ფაქტების გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური უზრუნველყოფს.
სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე პირებს ფაქტის არსებობის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმებზე, ცხელი ხაზის - 199 არსებობაზე და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია- პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საკითხებზე, პირველ ეტაპზე, ქ. თბილისის ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისსა და ქ. თელავში მდებარე საჯარო სკოლებში ჩატარდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვნების ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს და მსგავსი ხასიათის შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.