ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება გოგა რაზმაძის საქმესთან დაკავშირებით

ივლ 28, 2023

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება გოგა რაზმაძის საქმესთან დაკავშირებით

გვსურს, განმარტება გავაკეთოთ გოგა რაზმაძის მიერ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ცალკეულ ქმედებებს ეხებოდა.

შემოსულ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაბარებულ იქნა გოგა რაზმაძე, რომელმაც უწყებაში, ადვოკატთან ერთად გამოცხადებისას, განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

იმ პირობებში, როდესაც განცხადებაში მოყვანილი გარემოებები საჭიროებდა დაზუსტებას და განმცხადებელმა უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, უწყებამ  განცხადების იმ შინაარსით იხელმძღვანელა, რომელიც  წარმოდგენილი იყოდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიებაარ დაიწყო.

ვინაიდან განცხადება შეიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გოგა რაზმაძის მიმართ შესაძლო არაეთიკური და დისციპლინური გადაცდომების ნიშნებს, იგი არა დანაშაულზე რეაგირების, არამედ სწორედ დისციპლინური წარმოების ფარგლებში გადაეგზავნა შსს გენერალური ინსპექციის უფროსს, რომელიც კანონით ერთადერთი უფლებამოსილი უწყებაა, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლო არაეთიკური, დისციპლინური გადაცდომები.

დანაშაულის ნიშნების არარსებობის დროს, დისციპლინური გადაცდომების შესასწავლად განცხადების გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნა გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. ამ წესს იცავს საგამოძიებო სამსახური 2019 წლიდან მოყოლებული. კერძოდ, 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რეაგირებისთვის გადაგზავნილია 191 კორესპონდენცია. 2022 წელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ამავე უწყებას გადაეგზავნა 179 კორესპონდენცია.

რაც შეეხება შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში განმცხადებელთან გასაუბრებას, იგი მიღებული პრაქტიკაა საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში და ეს პროცესი განმცხადებელთან გასაუბრების გარდა არ შემოიფარგლება სხვა რაიმე მოქმედებით. განმცხადებელთან გასაუბრება კი ემსახურება იმ სამართლებრივ მიზნებს, რომ გონივრულ დროში მისი უზრუნველყოფის შემთხვევაში, გამომძიებელმა სწორად შეაფასოს შესაძლო დანაშაული, სწორად იქნას განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაცია და საგამოძიებო ქვემდებარეობა.

ზემოხსენებული სამართლებრივი მიზნებიდან გამომდინარე, წლების მანძილზე გასაუბრების პრაქტიკას იყენებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მას გონივრულობის ფარგლებში იყენებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. უფრო მეტი სიცხადისთვის და თვალსაჩინოებისთვის, 2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიების დაწყებამდე გაესაუბრა 2157 სავარაუდო მსხვერპლს, 2021 წელს - 2650 სავარაუდო მსხვერპლს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წელს არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გაესაუბრა 1623 სავარაუდო მსხვერპლს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სავარაუდო მსხვერპლთან ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომლის შედეგადაც სრულად არის უზრუნველყოფილი მსხვერპლთა ჩართვა საგამოძიებო პროცესში. კერძოდ, პირველივე დღიდან გასაცნობად ხელმისაწვდომია საქმის მასალები, ასევე ხდება დაცვის ღონისძიებების გამოყენების შეთავაზება.