სიახლეები
ოქტ 04, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია ბელგიის ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი ბელგიაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის მუშაობას გაეცნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი ვიზიტის ფარგლებში ბელგიის ფედერალური და ადგილობრივი პოლიციების მხრიდან ძალის გადამეტების თავიდან აცილებისა და დემონსტრაციების მართვის მარეგულირებელ მექანიზმებს გაეცნო.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს საპოლიციო დანაყოფების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, ისაუბრეს დემონსტრაციების მართვის ტაქტიკაზე და სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევებზე და შეტყობინებების საზედამხედველო უწყებებში გადაგზავნის მექანიზმზე გამოცდილება გაუზიარეს. ბელგიელმა სამართალდამცავებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გზებსა და ფორმებზე მაკონტროლებელ ორგანოებთან: ბელგიის სამეფოს პოლიციის მონიტორინგის მუდმივმოქმედ კომიტეტთან (Committee P) და გენერალურ ინსპექტორატთან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ბელგიელ კოლეგებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
ბელგიაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის "ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" მხარდაჭერით მიმდინარეობდა.