სიახლეები
მაი 23, 2023
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შედეგები
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შედეგები
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ეხება. სწორედ ამ მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული.
გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების, ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობით გამოწვეული მიზნების დასაძლევად და უწყების ფუნქციური დამოუკიდებლობის უფრო მეტი კომპონენტის მოსაპოვებლად, სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2022 წლის 30 სექტემბერს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა, რის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი გაიზარდა და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება მიენიჭა. ეს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს დაუქვემდებაროს.
ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიების წარმართავის უფლება მიენიჭა, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურებას, უკანონო დაკავებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი სიყალბეს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ედა 369¹-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).
ცვლილების მიხედვით, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებს (სსკ-ის 162-163 და 1644 მუხლები) სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძიებს, თუ მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ჩაიდენს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიენიჭა უფლებამოსილება, სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების მიზნით, შესაბამის კომიტეტში მოსმენის ჩანიშვნა მოითხოვოს.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემდგომი გაძლიერებისა და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, სამსახური საქართველოს პარლამენტთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.