ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინსტიტუციური გაფართოების პროცესს იწყებს

მაი 17, 2022

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინსტიტუციური გაფართოების პროცესს იწყებს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ინსტიტუციური გაფართოების პროცესი დაიწყო, რომლის მიზანია სამსახურის გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მისი განვითარება.

2022 წლის 1 მარტიდან, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რვა მუხლიდან  ორმოცდარვა მუხლამდე გაიზარდა.

შესაბამისად, სამსახურის წინაშე წარმოშობილი მნიშნელოვანი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელია სტრუქტურული გაფართოება, გამომძიებლების დამატება და საშტატო რიცხოვნობის ზრდა.

ინსტიტუციური გაფართოების პირველ ეტაპზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, ეფექტური მენეჯმენტის და გამოძიების მიზნების უზრუნველსაყოფად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაემატება 3 სამმართველო: აღმოსავლეთის (თბილისის) მეორე სამმართველო, ასევე კახეთის და სამეგრელოს რეგიონალური სამმართველოები, რომელი დანაყოფებიც საგამოძიებო ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას სამსახურისთვის გადმოცემულ ზუგდიდსა და თელავში მდებარე ორ ახალ ოფისში განახორციელებენ.

 

რეგიონალური სამმართველოების დამატების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო ფუნქციის შესრულებას თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში მდებარე სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით განახორციელებს. ინსტიტუციური გაფართოების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, სამსახური მომდევნო წლებშიც გეგმავს გორსა და რუსთავში რეგიონალური სამმართველოების ამოქმედებას.

 

სამმართველოების დამატებასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი იქმნება, რომელმაც კონტროლი უნდა გაუწიოს უწყების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების დროულობას, გამოძიების ეფექტიანობას, უზრუნველყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზება და გამოძიების პროცესში სარეკომენდაციო სახელმძღვანელო მითითების შემუშავება.

 

აღსანიშნავია, რომ სამსახურის ყველა ის თანამშრომელი , რომელმაც დაწერა განცხადება და გამოთქვა სურვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების, დანიშნულია ტოლფას თანამდებობაზე და აქვს სრული შესაძლებლობა  კარიერული წინსვლის მიზნით,  სამსახურის გაფართოების პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღების.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაფართოება ხელს შეუწყობს, როგორც  ადამიანური რესურსისა და მენეჯერული დატვირთვის გადანაწილებას, ასევე კონკურენციის გაზრდას, თანამშრომლებისთვის ახალი კარიერული შესაძლებლობების გაჩენას და რა თქმა უნდა, უფრო მეტად სწრაფი, დროული და შედეგზე ორიენტირებული საგამოძიებო პროცესის წარმართვას.