სიახლეები
აგვ 01, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის ნათია სონღულაშვილის განცხადებით, სამსახურისთვის რეგიონალური დაფარვის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სამსახური ყველა რეგიონის მასშტაბით იყოს წარმოდგენილი. მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების თაობაზე კონკრეტული საკითხები სამუშაო ფორმატში განიხილება და გასაჯაროვდება.
იურიდიულ კომიტეტთან შეხვედრაზე მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაფართოების საკითხზეც იმუშავებს. ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე და ინკლუზიური იქნება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქტიურ რეჟიმში ჩაერთოს და სამსახურის სამომავლო განვითარების გეგმა და კონკრეტული წინადადებები წარადგინოს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ინსტიტუციური გაფართოების პროცესი უკვე დაწყებულია, პირველ ეტაპზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, ეფექტური მენეჯმენტის და გამოძიების მიზნების უზრუნველსაყოფად სამსახურს დაემატება 3 სამმართველო: აღმოსავლეთის (თბილისის) მეორე სამმართველო, ასევე კახეთის და სამეგრელოს რეგიონალური სამმართველოები, რომელი დანაყოფებიც საგამოძიებო ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას სამსახურისთვის გადმოცემულ ზუგდიდსა და თელავში მდებარე ორ ახალ ოფისში განახორციელებენ.