ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა

იან 18, 2023

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი დაამტკიცა, რაც მისი ხელმოწერისთანავე, 2023 წლის 18 იანვარს ამოქმედდა.

კოკა კაციტაძემ მოადგილეებთან, საგამოძიებო და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტის მნიშვნელობაზე და მისი პრაქტიკაში აქტიურად გამოყენების საკითხზე ისაუბრა.

სახელმწიფოს ვალდებულებაა,  არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი დაიცვას და სათანადო საფრთხის არსებობისას მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს, რაც საგამოძიებო ორგანოს მიმართ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის ნდობას ამაღლებს. მსხვერპლს უნდა ჰქონდეს ყველა სახის გარანტია, რომ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის და მოძალადის მხილების შემთხვევაში საფრთხე არ დაემუქრება და მას სახელმწიფო დაიცავს.

სამსახურის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის საფუძველზე, ყველა სისხლის სამართლის საქმეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სავალდებულო წესით პოტენციურ მსხვერპლს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას შესთავაზებს და მისი თანხმობის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე,სამსახური რისკებს შეაფასებს. თუკი გამოძიება დაასკვნის, რომ არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, იგი ამის შესახებ შესაბამის უწყებებს მიმართავს,რათადაცვის სპეციალურ პროგრამაში მსხვერპლი დაუყოვნებლივ ჩაერთოს.

დაცვის სპეციალური პროგრამა მსხვერპლისთვისპირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას ითვალისწინებს.

სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას წინ უძღოდა ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც სამსახური უფლებამოსილია  პროცესის მონაწილეთა მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საჭიროება შეაფასოს, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს მიენიჭა უფლებამოსილება ღონისძიების გამოყენების შესახებ დასაბუთებული წინადადებით საქართველოს პროკურატურას მიმართოს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტი, მის  დამტკიცებამდე, რეკომენდაციების მისაღებად და განსახილველად   დარგის ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორის და  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნისდა ევროპული სასამართლოს სტანდარტების დამკვიდრების მიზნით მუშაობას აქტიურად აგრძელებს, რაც ეფექტიანი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიების წარმოების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.