ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა

აპრ 05, 2024

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა

გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად და მსხვერპლთა უფლებების ეფექტურად დასაცავად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმის შემდეგ მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნა.

სამსახურმა საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რომელიც უწყების მიერ გაწეულ საქმიანობას ასახავს. ანგარიშში გაანალიზებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად განხორციელებული რეფორმები, რომელთა შორისაც მთავარი ადგილი მოქალაქეების საქმის მასალებთან დაშვებას, დაცვის სპეციალურ პროგრამაში დაზარალებულის და მოწმის ჩართვას და მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს ჩამოყალიბებას უკავია.

2022 წლამდე მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დასაცავად საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მომართავდნენ, არ ჰქონდათ წვდომა სისხლის სამართლის საქმეებთან, მათ შორის არ ჰქონდათ უფლება გასცნობოდა ექსპერტიზის დასკვნებს და მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის შემდეგ მიეცათ, რაც ევროპული სასამართლოს სტანდარტებით დამკვიდრებულ გამჭვირვალე გამოძიების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს და პირველი პრეცედენტია საქართველოში.

კერძოდ, მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის განმცხადებლებისთვის უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, საქმის მასალების გაცნობას, დაცვის სპეციალური პროგრამების შეთავაზებას, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის საქმის მასალების გაცნობის პროცესის ორგანიზებას.

გამოძიებაში სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა სამსახურის მიერ პროაქტიულად 471 განმცხადებელს შეეთავაზა, მათგან ამ უფლებით 243 განმცხადებელმა ან მათმა დამცველმა ადვოკატმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ სამსახურს არ უთქვამს უარი საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნაზე არცერთი მსხვერპლისთვის და არ შეუზღუდავს ეს შესაძლებლობა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის.

მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველოს ნაყოფიერმა მუშაობამ და შესაბამისად, გამოძიების პროცესში დაზარალებულის და განმცხადებლის ჩართულობამ, მათმა ინფორმირებულობამ, გამოძიების შედეგებთან მიმართებით მოქალაქეების ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე:

https://sis.gov.ge/Statistics-and-reports?rec_id=20