ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

საქართველოს პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსაზრებები გაიზიარა და კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რომლითაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის უფლებამოსილება იზრდება

დეკ 01, 2022

საქართველოს პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსაზრებები გაიზიარა და კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რომლითაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის უფლებამოსილება იზრდება

საქართველოს პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსაზრებები გაიზიარა  და კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რომლითაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის უფლებამოსილება იზრდება

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად  საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში აქტიურად მონაწილეობდა და სამსახურის გაძლიერების და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობდა.

 

ამ მიზნით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს წინადადებებით 2022 წლის 30 სექტემბერს მიმართა.

 

მიღებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, გაიზარდა სამსახურის  საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიება, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება  დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს დაუქვემდებაროს.

 

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდა არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 369¹-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).

 

საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოსაზრება მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულების ხელახლა განსაზღვრის თაობაზე და განხორციელებული ცვლილებების თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობრივ დანაშაულებს (სსკ-ის 162-163 და 1644 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები) სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიძიებს, თუ იგი ჩადენილი იქნება სამართალდამცავის მიერ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიენიჭა უფლებამოსილება, სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების მიზნით, მოითხოვოს შესაბამის კომიტეტში მოსმენის ჩანიშვნა.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემდგომი გაძლიერებისა და მისი დამოუკიდებლობის  უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.