სიახლეები
ივნ 21, 2023
სამართალდამცავთა დანაშაულის პრევენციის მიზნით სპეციალური საბჭოს სხდომა გაიმართა
სამართალდამცავთა დანაშაულის პრევენციის მიზნით სპეციალური საბჭოს სხდომა გაიმართა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და თავჯდომარეობით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობით საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
პრევენციის საბჭოს მისიაა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი პოლიტიკითა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით განხორციელდეს.
პრევენციის სპეციალური საბჭოს პირველ სხდომაზე, წევრებმა საბჭოს საქმიანობის წესი განიხილეს და დაამტკიცეს, რის შემდეგაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა ის პრობლემური საკითხები, რომლებიც გამოძიების პროცესში გამოვლინდა და სამართალდამცავების საქმიანობის ნაკლოვანებებს, ხარვეზებს და ტენდენციებს უკავშირდება.
კერძოდ, საბჭოზე დაფიქსირდა საპოლიციო დანაყოფები, რომელთა მიმართაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ყველაზე მეტი საჩივარი შემოვიდა. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებებს, საბჭოზე მიღებული შეთანხმების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის იმ ტენდენციებს რაც შესაძლოა საჩივრების მიზეზი იყოს და შედეგების თაობაზე საბჭოს აცნობებს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოებასთან, პატიმრების ბადრაგირებასთან და მათ მეთვალყურეობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები. ასევე, მსჯელობა შეეხო პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სუიციდის პროგრამის საკითხებს, რომლის მიზანია საშუალო და მაღალი რისკის მატარებელი სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა და მათზე სათანადო მეთვალყურეობის დაწესება.
ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით უკვე აქტიურად მუშაობს, რაც ხელს შეუწყობს პრობლემის აღმოფხვრას და დანაშაულის პრევენციას.
დანაშაულის პრევენციასთან ერთად, საბჭოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ხელშეწყობაც წარმოადგენს.
სწორედ გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითქვა მზაობა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს დაკავებულ პირებთან შესახვედრად, მათი უფლებების დასაცავად, ყოველგვარი ნებართვის და შეფერხების გარეშე დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებელი შესვლის უფლება მიეცეთ. აღნიშნული მნიშნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დროული და ეფექტური რეაგირებისთვის.
გარდა ამისა, პრევენციის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მტკიცებულებითი შინაარსის მატარებელი ვიდეო ჩანაწერების გადმოცემას, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერის და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული კამერის ჩანაწერებს, რაც ბუნებრივია დააჩქარებს გამოძიებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
პრევენციის სპეციალური საბჭოს შეხვედრები წელიწადში არანაკლებ ერთხელ გაიმართება.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წლის იანვრის თვეში გააფორმა.
საბჭოს სხდომას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურის უფროსის მოადგილე შენგელი ფიცხელაური ესწრებოდნენ.