სიახლეები
მარ 11, 2024
კოკა კაციტაძე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
უფროსმა, კოკა კაციტაძემ საქართველოში ნიდერლანდების
სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა
გამართა.
შეხვედრაზე, საუბარი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო, რაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უცხოელ დიპლომატს სამსახურის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციებს და მათ შესასრულებლად სამსახურის ჩართულობით განხორციელებულ რეფორმებს.
შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ორგანოს (The Rijksrecherche) ერთობლივი მონაწილეობა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოთა საერთაშორისო ქსელში (ICIN), რომლის წევრიც ქართული მხარე 2023 წლის ოქტომბერში ლონდონში გამართულ ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გახდა. ასევე, განხილულ იქნა კოლეგა უწყებებს შორის სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საქართველოში ნიდერლანდების ელჩს სამსახურის საქმიანობის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს პოლიციის ატაშე ჰანს ჰაუვენი, საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი ლელა ლომია და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.