სიახლეები
ივლ 18, 2022
კოკა კაციტაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის
12 პუნქტიან გეგმას და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართულებით შესაბამისი
წინადადებების შემუშავებას, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ამ სამსახურის შემდგომ
განვითარებაზე.
ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში
ერთი- ერთი საკითხი სწორედ სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით
გადასადგემელ ნაბიჯებს ეხება.
საორგანიზაციო შეხვედრაზე კოკა
კაციტაძემ უწყების ინსტიტუციური და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით კონკრეტული
წინადადებები წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში მომავალშიც
გაგრძელდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში
ინსტიტუციური გაფართოების პროცესი უკვე დაწყებულია.
2021 წლის 1 მარტიდან, დამოუკიდებელი
საგამოძიებო უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით
ამოქმედდა. სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული რვა მუხლიდან ორმოცდარვა
მუხლამდე გაიზარდა.
სამსახურის გაძლიერებისა და საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად განვითარების მიზნით, უწყების წინაშე მდგარი გამოწვევების
საპასუხოდ, სამსახურის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა ჩამოყალიბდა.
ინსტიტუციური გაფართოების პირველ
ეტაპზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, ეფექტური მენეჯმენტის და გამოძიების მიზნების
უზრუნველსაყოფად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაემატება 3 სამმართველო: აღმოსავლეთის
(თბილისის) მეორე სამმართველო, ასევე კახეთის და სამეგრელოს რეგიონალური სამმართველოები,
რომელი დანაყოფებიც საგამოძიებო ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას სამსახურისთვის გადმოცემულ
ზუგდიდსა და თელავში მდებარე ორ ახალ ოფისში განახორციელებენ.
რეგიონალური სამმართველოების დამატების
შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო ფუნქციის
შესრულებას თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში მდებარე სტრუქტურული
ერთეულების მეშვეობით განახორციელებს.