სიახლეები
სექ 30, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს ბაია პატარაიას შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებმა ქალთა უფლებების დამცველთან შეხვედრაზე ყურადღება სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამსახურის განვითარების ხედვაზე გაამახვილა.
კოკა კაციტაძემ ხაზგასმით აღნიშნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულების აღკვეთისა და ეფექტიანი გამოძიების მნიშვნელობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და პირადი კომუნიკაციის ყოველგვარი ხელყოფის, განსაკუთრებით კი ინტერნეტ სივრცეში ჩადენილი ამ დანაშაულების გამოძიებისას, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და ყოველივე აღნიშნულში უფლებადამცველი ორგანოების ჩართულობის, მათი მოსაზრებების და ხედვების გაზიარების მნიშვნელობა, რათა საგამოძიებო პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან სრულად იყოს თანხვედრაში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ სექსუალური ნიშნით კიბერძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და გააძლიერონ სამსახურის როლი მსგავსი საფრთხეების ანალიზისა და პრევენციის კუთხით; ამასთან განიხილეს შესაძლებლობა, ხსენებული დანაშაულების გამოძიების ხარისხის უზრუნველსაყოფად ერთობლივად შეიმუშაონ და დაგეგმონ ტრენინგ მოდულები, ხოლო საზოგადების ცნობიერების ამაღლების მიზნით აწარმოონ მიზნობრივი საინფორმაციო კამპანია.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი სოფო ჭარელი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი და ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი თამარ ლუკავა ესწრებოდნენ.