სიახლეები
ივლ 28, 2022
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის წესი ამოქმედდა
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის წესი ამოქმედდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტის შემუშავება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციებით და პრაქტიკის გაანალიზებით მოხდა, რაც მისი ხელმოწერისთანავე, 2022 წლის 27 ივლისს ამოქმედდა.
ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საგამოძიებო უწყება დაზარალებულის სტატუსის არ მქონე პოტენციურ მსხვერპლებს, სისხლის სამართლის საქმესთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეს ახალი ინიციატივა იმ საქმეებზე გავრცელდება, სადაც მოქალაქე სამართალდამცველებს ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში ედავება.
სახელმძღვანელო დოკუმენტის დამტკიცებას, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველის აპარატთან და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან დოკუმენტის განხილვა, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაზიარება უძღოდა წინ.
დანაშაულის შესაძლო მსხვერპლის ჩართვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება, ეფექტური, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მნიშვნელოვანი კომპონენტია.