სიახლეები
აგვ 31, 2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოავლინა, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, ქ. ზესტაფონში, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მოქალაქე გ.მ. დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში, სადაც ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მოქალაქე გ.მ.-ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი.
რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის მეორე ფაქტს, 2022 წლის 31 ივლისს, ქ.ბათუმში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ - ინსპექტორების მიერ წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გ.გ.. პატრულ - ინსპექტორმა დაკავებული პირი განათავსა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის უკანა სალონში და თავად დაუჯდა მარჯვენა მხრიდან. დაკავებული პირის წინააღმდეგობის აღკვეთის მიზნით, პატრულ-ინსპექტორმა მას სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმითა და ხელბორკილის თავში ჩარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები დანაშაულში მხილებული სამართალდამცავების დაკავების თაობაზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას, ორივე სამართალდამცავი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.