სიახლეები
მარ 29, 2024
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
მიერ, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური
სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023
წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში
მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა.
აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი
დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც
ძალადობდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან
თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები,
რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.
სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში
წარედგინება.
დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.