სიახლეები
აგვ 14, 2024
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სექსუალური გამოძალვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, სექსუალური გამოძალვის ფაქტზე, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში
მცხოვრებმა, საქართველოს მოქალაქე 24 წლის გოგომ, სოციალური ქსელით 45 წლის თურქეთის
მოქალაქე მამაკაცი გაიცნო. ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და სასიყვარულო, ინტიმური
ხასიათის ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული
თურქეთის მოქალაქე, დაზარალებულს ფარულად, მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა, ასევე, მისი ტელეფონიდან ფარულად
გადაიწერა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა.
მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გოგომ
თურქეთის მოქალაქესთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა, ბრალდებულმა ფარულად მოპოვებული
კადრებით შანტაჟი დაიწყო და გოგოს მასთან ურთიერთობის აღდგენა მოსთხოვა. დაზარალებულისგან
უარის მიღების შემდეგ, შურისძიების მიზნით დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის ამსახველი
ფარულად გადაღებული ვიდეო სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით, ქალის ოჯახის წევრებთან
და ნაცნობებთან გაავრცელა. გარდა ამისა, თურქეთის მოქალაქემ დაზარალებულის და მისი
ოჯახის წევრების სახელით “Instagram”, “Facebook” ყალბი გვერდები შექმნა, სადაც
2022, 2023 და 2024 წლებში, დაზარალებული ქალის ინტიმური ფოტო-ვიდეო მასალას საჯაროდ
სისტემატურად ათავსებდა. ასევე, უცნობ პირებს დაზარალებულის სახელით წერდა და მის საკონტაქტო
ინფორმაციას აწვდიდა, უგზავნიდა ინტიმურ ფაილებს, რის შედეგადაც მას უკავშირდებოდნენ
მისთვის უცნობი მამაკაცები.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,
დაზარალებულის მომართვის შემდეგ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით შესაბამისი საგამოძიებო
მოქმედებები ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა დანაშაულში მხილებული თურქეთის მოქალაქის სასტუმროს
ნომერში, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო
მასალა, მათ შორის, მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა იმ სოციალური ქსელის მისამართები,
რომელთა გამოყენებითაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი მასალის
გავრცელება ხდებოდა, რის შემდეგაც ბრალდებული დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის
157 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე
აგრძელებს გამოძიებას.