სიახლეები
აგვ 16, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დაათვალიერა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე,
პირველ მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, სამსახურის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო
სამუშაოებს გაეცნო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისი,
ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე, 4 440 მ2 მიწის ფართობზე შენდება
და იგი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული.
აღიჭურვება უსაფრთხოებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით და სრულად იქნება ადაპტირებული
შშმ პირებზე. მოეწყობა არასრულწლოვანთა გამოკითხვის სივრცეები, ამოცნობის და დროებითი
დაკავების ოთახები, ნივთიერ მტკიცებულებათა საცავი, სასერვერო, საარქივო, სათავსო ოთახები
და ოპერატიული დანიშნულების ავტომობილების პარკირების სივრცე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, 2022 წლის 1 მარტიდან
ამოქმედდა და იგი ფუნქციონირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან გადმოცემული
იჯარით აღებულ შენობაში შეუდგა, რომელიც შენობის მდგომარეობის და კონფიგურაციის გათვალისწინებით
ვერ პასუხობს საგამოძიებო ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მინიმალურ
მოთხოვნებს.
შესაბამისად, სამსახურმა შექმნისთანავე არსებული გამოწვევების
საპასუხოდ, ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება დაისახა მიზნად, რომელიც სათავო
ოფისის მშენებლობის გარდა სამსახურისთვის რეგიონალური ოფისების დამატებასაც მოიცავს.
რეფორმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
ახალი საგამოძიებო ოფისები ქ.თელავსა და ქ.ზუგდიდში გახსნა, გარემონტდა და ადაპტირდა
სამსახურის აჭარის რეგიონალური ოფისი და სამსახურის ბალანსზე იქნა აყვანილი აქამდე
დროებით სარგებლობით გადმოცემული ქუთაისის ოფისი. 2025 წლის გაზაფხულიდან სამსახურს
ასევე შეემატება ქ.რუსთავში მდებარე ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი, ამის შემდეგ
კი მეექვსე რეგიონალური ოფისი ქ.გორში გაიხსნება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისის
მშენებლობის დასრულება 2025 წლის დეკემბერში იგეგმება. პროექტის ღირებულება 17 850
000 ლარს შეადგენს.