სიახლეები
დეკ 05, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში,
2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ
განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების
პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის
მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში
მიმდინარეობს.
სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით,
ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან
319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან,
როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში
განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის
მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება.
გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო
ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია
140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
მტკიცებულებების მოპოვების მიზნით,
სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული
იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების
ჩანაწერების შესწავლა/ანალიზი.
შემთხვევის ადგილებზე განთავსებული
კერძო და საჯარო ობიექტებიდან დაწყებულია ვიდეომასალის გამოთხოვის პროცესი. ვიდეომასალის
გამოთხოვა, ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან.
სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა
და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია
ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ,
რომლებმაც აქციაზე დაშავებულ პირებს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. კლინიკებიდან მოთხოვნილია
ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელთაც 2024 წლის
ნოემბერსა და დეკემბერში, საპროტესტო აქციაზე დაშავების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული
სამედიცინო დახმარება.
სამართალდამცავების გამოკითხვის მიზნით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს
ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება.
სამსახური,
ყველა პირს, რომელიც უთითებს სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის
თაობაზე და მათ დამცველ ადვოკატებს, სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის
მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე
ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურად ატარებს. გამოძიების მიმდინარეობისა
და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად
მიეწოდება.