სიახლეები
აპრ 04, 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილი სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ერთ-ერთი შედეგი არასათანადო მოპყრობის ფაქტების კლებაა
სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო
მოპყრობის ფაქტებმა და შესაბამისად, გამოძიების დაწყების მაჩვენებელმა, 2021 წელთან
შედარებით, 2023 წელს 29%-ით იკლო, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის ინიციატივით შექმნილ სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს მიუძღვის.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა
საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილია
ინფორმაცია უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშში ხაზგასმულია ცალკეული
სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს
როლი და ის მიღწევები, რომელიც საბჭოს ნაყოფიერი მუშაობის შედეგებს ასახავს.
ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის
საბჭო 2023 წლის იანვარში შეიქმნა და იგი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად
საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს.
საბჭოს პირველი სხდომა, 2023 წლის
21 ივნისს ჩატარდა, სადაც განხილულ იქნა დანაშაულის პრევენციისთვის მნიშნელოვანი საკითხები,
რომლებიც უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების
რეგულირებას; სუიციდის პრევენციის პროგრამის დახვეწას; ფსიქიატრიულ დაწესებულებებში
ესკორტირების განმახორციელებელ თანამშრომელთა მორიგეობის დაწესებას; დროებითი მოთავსების
იზოლატორებში დაუბრკოლებელი შესვლის წესის დამტკიცებას; ვიდეო ჩანაწერებზე წვდომის
უზრუნველყოფას, საჩივრების ზრდის და კლების მიხედვით იდენტიფიცირებულ საპოლიციო დანაყოფებს
და გამოვლენილ ტენდენციებს.
პრევენციის საბჭომ, ასევე, განიხილა
სამსახურის მიდგომა - აქტიურ რეჟიმში სამართალდამცავების გამოკითხვასა და მათ ანგარიშვალდებულებასთან
დაკავშირებით. 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის მიერ მოქალაქეთა საჩივრებთან და პრეტენზიებთან დაკავშირებით, 4050 სამართალდამცავია
გამოკითხული.
სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს
და წევრი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეულმა მუშაობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა
ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის ფაქტების კლებაზე. 2021 წელს სამართალდამცავების მიერ
ჩადენილი არასათანადო მოპყრობის 365 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს 285 ფაქტი, ხოლო
2023 წელს 257.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომდევნო
წლებშიც, აქტიურად შეეცდება, რათა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულზე
სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების გარდა, დანაშაულის პრევენციით განხორციელდეს. ამ პროცესში
კი გადამწყვეტი როლი სწორედ სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭომ უნდა შეასრულოს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://sis.gov.ge/Statistics-and-reports?rec_id=20