ხმა

კონტრასტი

ფონტი

მინუსი

საწყისი

პლიუსი

ანიმაციის შეჩერება

დიზაინის გამორთვა

სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას უმანსპინძლა

ნოე 20, 2024

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას უმანსპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, სამსახურის უფროსის მოადგილესთან ნათია სონღულაშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) წევრებს ნიკოლა კოვაშევიჩს და რაზვან ჰორაციუ რადუს შეხვდა.

კოკა კაციტაძემ, კომიტეტის რიგით მე-7 პერიოდული ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის წევრებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატზე, საგამოძიებო ქვემდებარეობაზე, გადადგმულ ნაბიჯებსა და უწყების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა.

სამსახურის უფროსმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ფუნქციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სამსახურის ინიციატივით განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელთა მეშვეობითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს  პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად, წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიეცათ.

ასევე, აღნიშნა, რომ სამსახურს მოწმისა და დაზარალებულისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიების  დასანიშნად მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა - შეიქმნა მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო, რომლის თანამშრომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის განმცხადებლებისთვის, უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, საქმის მასალების გაცნობას, დაცვის სპეციალური პროგრამების შეთავაზებას და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის საქმის მასალების გაცნობის პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფენ.

კოკა კაციტაძემ ხაზი გაუსვა სამსახურის ინსტიტუციური გაფართოების საკითხს. პირველ ეტაპზე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, ეფექტური მენეჯმენტის და გამოძიების მიზნების უზრუნველსაყოფად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაემატა მე-3 სპეციალიზირებული სამმართველო, ასევე კახეთისა და სამეგრელოს რეგიონალური სამმართველოები, მიმდინარეობს სამსახურის სათავო ოფისის მშენებლობა.

ასევე, არსებითად გაუმჯობესდა უწყების თანამშრომელთა უფლებრივი, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა,საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციის წევრებს დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა,სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა  გამოთქვა.

შეხვედრას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგმოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან ვერულაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა კაკულია და  ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სამდივნოს წარმომადგენელი ელვინ ალიევი ესწრებოდნენ.